01
აგვისტო
09

ალექსანდრე ნონეშვილი: CIVITAS ROMANA და იბერიის სამეფოს ნობილიტეტი

 CIVITAS ROMANA და იბერიის სამეფოს ნობილიტეტი

 სამეხდერო ექსპანსიის განხორციელების შემდეგ, რომის იმპერია, იმ სახელმწიფოებისაგან, რომლებიც სხვადასხვა გარემოებების გამო არ შედიოდნენ უშუალოდ იმპერიის საზღვრებში, ქმნიდნენ ვასალური და ნახევრად ვასალური სახელმწიფოების სისტემას. როგორც წესი ამ ტიპის სახელმწიფოები უზრუნვლეყოფდნენ იმპერიის განაპირა საზღვრების უსაფრთხოებას, ე.ი. ქმნიდნენ ბუფერულ ზონებს იმპერიის უშუალო საზღვრებსა და გარე, ბარბაროსულ სამყაროს შორის. ამ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნებოდა იბერიის სამეფოც. ბუნებრივია, რომაელებს იბერიაში სჭირდებოდათ ადგილობრივ მოსახლეობაში საიმედო დასაყრდენი, რომელთა მეშვეობითაც ისინი სტაბილურად შეინარჩუნებდნენ და გააძლიერებდნენ თავის გავლენას ქვეყნის შიგნით. ამგვარ დასაყრდენს რომაელები იბერიის მმართველ წრეებსა და მონათმფლობელურ არისტოკრატიას – ნობილიტეტს შორის ეძებდნენ. რომი ამგვარ მოკავშირეებზე ავრცელებდა წახალისებისა და გადმობირების მთელ სისტემას, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საპატიო ჯილდო რომის მოქალაქეობის მინიჭება იყო. უცხოელი მეფეები თუ დიდებულები რომის იმპერიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის იმპერატორისაგან ან მაღალი სახელმწიფო უფლებამოსილებით შემკული რომაელისაგან იღებდნენ რომის მოქალაქეობასა და გვარს, რაც გამორჩეულ პატივად ითვლებოდა. პირველმა რომის ისტორიაში მეფეს რომის მოქალაქეობა უბოძა იულიუს კეისარმა.1

კეისრის, კლავდიუსის, ვესპასიანეს, ადრიანესა და სეპტიმუის სევერის მიერ წარმოებული ტრადიციული რომაული იმპერიული პოლიტიკის ისტორიულ დაგვირგვინებას წარმოადგენდა კარაკალას მიერ 212 წელს მიღებული ედიქტი (Conscitutio Antoniniana), პოლიტიკისა, რომელიც მიმართული იყო რომაული სახელმწიფოს სოციალური და პოლიტიკური ბაზის გაფართოებისაკენ. ვარაუდობენ, რომ ედიქტის მიღების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო საგადასახადო სისტემის უნიფიცირება, რასაც უნდა გაეზარდა შემოსავლები სახელმწიფო ხაზინაში.2 როგორც ცნობილია, ედიქტმა გაუხსნა გზა რომის მოქალაქეობისაკენ იმპერიის მთელ თავისუფალ მოსახლეობას3 და მოაწესრიგა საკანონმდებლო დონეზე რომაული სახელების საკითხი (ედიქტმა V საუკუნემდე იარსება).4

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რომაელები ხშირად აძლევდნენ იმპერიის მოსაზღვრე სახელმწიფოების მეფეებს რომის მოქალაქეობასა და გვარს, აგრეთვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ აღმოსავლეთს,5 კერძოდ კი კავკასიის ლიმესს, ნიშანდობლივია, რომ იბერიის მეფეთა ნუსხაში გამოჩნდა ფლავიოს დადესის სახელი. შესაძლოა დადესმა სახელი ფლავიოსი (ფლავიუსი) და რომის მოქალაქეობა იმპერატორ ვესპასიანეს, ტიტეს ან დომიციანესაგან მიიღო (პ. ინგოროყვა, დადესის ცხოვრების ხანად 70-96 წწ. მიიჩნევს)6 ან მემკვიდრეობით ერგო, ვინაიდან რომაული სამართალი სხვისი სახელის გამოყენებისათვის მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა.7 ბერძნული მთავრული წარწერა, რომელშიც ფლავიოს დადესის სახელი დაფიქსირდა, აღმოჩნდა II-III ს.ს. დათარიღებული დიდი ზომის ვერცხლის ლანგარზე (იბერიის ძველი დედაქალაქის მცხეთის არქეოლოგიური გათხრები, არმაზისხევი, ბერსუმა პიტიახშის აკლდამა).8

ასევე მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს აღმოჩენილ აკლდამაში (სამარხი N14) ნაპოვნი ბეჭდის წყალობით, ჩვენთვის ცნობილი გახდა კიდევ ერთი გვირგვინოსანი იბერიელის, რომის მოქალაქის, დედოფალ ულპიას სახელი. ოქროს ბეჭედი წარმოადგენს ჩამოსხმულ ორი ავაზის გამოსახულებას, რომლებსაც ეშვებითა და თათებით რკალზე დარჩილული, ოქროს ფირფიტისაგან დამზადებული სათვალბუდე უჭირავთ. თვალბუდეში ზის მოწითალო ფერის სარდიონის გემა-ინტალო. თვალზე ამოკვეთილია ქალის მკერდზედა გამოსახულება – მარცხენა პროფილი, რომელსაც გარშემოუყვება ბერძნული მთავრული ნეგატიური წარწერა: “დედოფალი ულპია მბრძანებელი”.9

როგორც ცნობილია ულპია რომაული სახელია  და ჩნდება იმპერატორ ტრაიანეს მმართველობის (98-117 წწ.) დროიდან. აღსანიშნავია, რომ ულპიას ამშვენებს ირანული ყაიდის თავსაბურავი.10 საბეჭდავზე გამოსახული დედოფალი და წარწერა ნათლად მეტყველებს ვითარებაზე, რომელიც ახ. წ. III ს. იბერიაში სუფევდა: 1. როგორც ჩანს, ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტაცია იქმნებოდა ბერძნულ ენაზე; 2. რომაული სახელიდან გამომდინარე დიდებული ქალბატონი რომის მოქალაქეა, აქედან გამომდინარე ყველა უფლებებითა და მოვალეობებით. 3. დედოფალი გამოსახულია ოფიციალურ საბეჭდავზე ირანული თავსაბურავით, რაც ირანის მძლავრ კულტურულ თუ პოლიტიკურ გავლენაზე მეტყველებს.

IV ს. მცხეთის მხატვართუხუცესისა და ხუროთმოძღვრის ავრელიოს აქოლისის სახელი კარგადაა ცნობილი ანტიკური ხანის ისტორიოგრაფიაში. პირველი წარწერა, რომელშიც მისი სახელი იხსენიება 1938 წელს შემთხვევით აღმოჩნდა სამთავროს ჩრდილოეთ ნაწილში. საფლავის ქვაზე ბერძნულ ენაზე ამოჭრილი ლაპიდარული წარწერა, თავად ავრელიოს აქოლისის ეპიტაფიას წარმოედგენს.11 მეორე წარწერაც, აგრეთვე მცხეთაში, 1997 წელს აღმოჩნდა ანტიოქიის ეკლესიის რესტავრაციის დროს, ტაძრის ზღურბლზე. ფილა აშკარად მეორადი გამოყენებისაა. ქვიშაქვის ფილაზე ბერძნული მთავრული ასოებით შესრულებული წარწერა მიძღვნითი ხასიათისაა.12 სახელი ავრელიოსი რომაული წარმოშობისაა და ფართოდ ვრცელდება კარაკალას 212 წლის ედიქტის მიღების შემდეგ და გამოდის ხმარებიდან ედიქტის გაუქმებასთან (V ს.) ერთად.13 ამ შემთხვევაშიც აშკარაა, რომ იბერიის დედაქალაქის მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი ავრელიოს აქოლისი რომის მოქალაქეა. ავრელიუსის სახელით მრავალი რომაელია ცნობილი, მათგან აღსანიშნავია XV ლეგიონის (APPOLINARIS) ცენტურიონი ავრელიუს ლაბრაზონი.14

შემდეგი იბერიელი დიდებული, რომელიც როგორც ჩანს რომის მოქალაქე იყო პუბლიკიუს აგრიპაა. მისი სახელიც ჩვენთვის საყოველთაოდ ცნობილი არმაზის ბილინგვის _ მზეთუნახავი სერაფიტას ეპიტაფიის წყალობით გახდა ცნობილი.15 პუბლიკიუსი (ნომენ) გავრცელებული რომაული სახელია, იგი ფარსმან მეფის არმიის სპასპეტია, გარდა ამისა ჩვენთვის ცნობილია თუ რომელმა დიდებულმა უბოძა აგრიპას სახელი და რომის მოქალაქეობა. ეს იყო პუბლიკიუს მარცელიუსი, კონსული, სირიის მმართველი, ავგური, IV სკვითური ლეგიონის ლეგატი.16 არ არის გამორიცხული, რომ ფარსმან მეფისა და იმპერატორ ადრიანეს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, ადრიანემ სწორედ რომის მოქალაქის იბერიელთა ჯარის სარდლის პუბლიკიოს აგრიპას შიდა პოლიტიკური პოზიციების გასაძლიერებლად გაუგზავნა “საჩუქრად” ფარსმანს სამხედრო შენაერთი და საბრძოლო სპილო. შესაძლოა რომის მოქალაქე, იბერიელი სპასპეტი პუბლიკიოს აგრიპა იყო ძალისაში აღმოჩენილი რომაული რეზიდენციის ბინადარი.

____________________________________________________________
1 D. Braund. Rome and the Friendly King. A Character of the Client Kingship. Beckenham, Kent, Fyshwick, Australia. 1984, p. 45; Сангурский Н. В. Римские древности. М., 1995, стр. 52-54, 61-62.
2 С. И, Ковалев. История Рима. СП., 2003, стр. 724.
3 A. N. Shervin-White. The Roman Citizenship. Oxford, 1973, p. 280, 287.
4 И, Левинская. Деяния апостолов на фоне еврейской диаспоры. РАН, Институт Российской истории, Санкт-Петербургский филиал. Сп., 2000, стр. 122.
5 თ. დუნდუა. პუბლიკიუს აგრიპა, ფლავიუს დადე და ორმაგი მოქალაქეობა. გამომცემლობა მერიდიანი. თბ., 2002, გვ. 8.
6 პ. ინგოროყვა. ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა. ენიმიკის მოამბე, ტ. X, თბ., 1941, გვ. 417.
7 D. Braund. დსახ, ნაშრ. გვ. 43; თ. დუნდუა. დასახ. ნაშრ. გვ. 7; გ. ლორთქიფანიძე, A’YPH IOC AXOIC – რომის მოქალაქე. ქრისტიანობის ოცი საუკუნე საქართთველოში თბ., 2004, გვ. 153.
8 მცხეთა I, თბ., 1955, გვ. 53, სურ. 26.
9 ა. აფაქიძე, გ. ყიფიანი, ვ. ნიკოლაიშვილი, გ. მანჯგალაძე, მ. კაპანაძე. სვეტიცხოვლის ეზოში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები. VI სამეცნიერო სესია. 2001 და 2002 წწ. საველე-არქეოლოგიური კვლევების შედეგები, თბ., 2003, გვ. 83. ტაბ. VIII; იმავე კრებულში, თ. ყაუხჩიშვილი, ბერძნულწარწერიანი ნივთები მცხეთიდან. გვ. 124.
10 ა. აფაქიძე. გ. ყიფიანი, ვ. ნიკოლაიშვილი, გ. მანჯგალაძე, მ. ლაპანაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 84.
11 Г. А, Ломтатидзе. Археологические роскопки в Мцхета. Тб., 1955, стр. 24-25. თ. ს. ყაუხჩიშვილი. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, თბ., 2004, გვ. 256.
12 ა. აფაქიძე. მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის საველე სამუშაოთა ძირითადი შედეგები. II სამეცნიერო სესია მიძღვნილი მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის მიერ 1997 წელს ჩატარებული საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიებისადმი. თბ., გვ. 4; თ. ყაუხჩიშვილი. დასახ. კრებ. გვ. 6-7.
13 გ. ლორთქიფანიძე, დასახ, ნაშრ. გვ. 154. И. Левинская. დასახ. ნაშრ. გვ. 122.
14 XV ლეგიონის ნაწილები II ს. ბოლოს იდგნენ სამხრეთ კავკასიაშიც. გ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრ, გვ, 154.
15 Г. В. Церетели. Армазская Билингва. Двухязычная надпись, найденная при Археологических раскопках Мцхета-Армази. Тб., 1941, стр. 22-24.
16 D. Braund, დასახ. ნაშრ. გვ. 39, 41-42, 44; თ. დუნდუა, დასახ. ნაშრ. გვ. 6-8; IV სკვითური ლეგიონი აგრეთვე იდგა სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ 114 წელს არტაშატის კედლებთან.

Advertisements

0 Responses to “ალექსანდრე ნონეშვილი: CIVITAS ROMANA და იბერიის სამეფოს ნობილიტეტი”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s


%d bloggers like this: