26
მარ
09

ალექსანდრე ნონეშვილი: რომაულ-კოლხური ურთიერთობანი ახ.წ. I-IV სს.

რომაულ-კოლხური ურთიერთობანი(PDF)

როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველო  _ ისტორიული კოლხეთი ანუ ეგრისი, რომის სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების სფეროში ძვ.წ. I საუკუნის მეორე ნახევარში მოექცა. ეს ინტერესები კოლხეთის მიმართ, რომსა და პონტოს სამეფოს შორის, აზიაში გაბატონებისთვის ბრძოლის ფონზე წარმოიშვა. მითრიდატე VI ევპატორმა ჯარის ნაწილები ჩააყენა არა მარტო კოლხეთის ზღვისპირა ციხე-სიმაგრეებში (დიოსოკურია-ეშერა)ნ არამედ ქვეყნის შიდა, ცენტრალურ ქალაქებშიც (სურიუმი-ვანი), რაც ახალი არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება. უშუალო სამხედრო ექსპანსია რომაელებმა კოლხების წინააღმდეგ პონტოს სამეფოსთან მესამე, უკანასკნელი ომის დასკვნით ეტაპზე განახორციელეს.

მითრიდატესა და მისი მოკავშირეების საბოლოო განადგურება ძვ.წ. 74 წლიდან დაიწყო. საომარ მოქმედებებს სარდლობდა კონსული ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი (შემდგომში კილიკიის პროკონსული, თავისი სიმამაცისა და სამხედრო ოპერაციების მასშტაბების გამო `რომაელ ქსერქსედ~ წოდებული). მან რიგი დამარცხებები აგემა პონტოელებს, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე, რის შედეგადაც ძვ.წ. 71 წელს მითრიდატე იძულებული იყო თავის სიძესთან, სომხეთის მეფე ტიგრან II-სთან გაქცეულიყო. ლუკულუსი ძვ.წ. 69 წელს შეიჭრა სომხეთში, დაამარცხა ტიგრანი ტიგრანაკერტთან, მაგრამ ლეგიონებში შექმნილმა უკმაყოფილებამ ლუკულუსი აიძულა კაპადოკიაში გაბრუნებულიყო. ძვ.წ. 66 წლიდან რომის სენატმა (გაიუს მანილიუსის კანონის თანახმად) უმაღლესი მთავარსარდლობა აზიის პროვინციებში გნეუს პომპეუსს გადასცა. მას ეძლეოდა უფლება დაედო ზავები და ხელშეკრულებები, შეეკრიბა არმია დ შეუზღუდავად ესარგებლა თანხებით სახელმწიფო ხაზინიდან. კანონის მხარდასაჭერად თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა პრეტორმა მარკუს ტელიუს ციცერონმა[1]. პომპეუსმა ელვისებური წარმატებული ოპერაციებით აიძულა სომხეთის მეფე ტიგრანი და პართიის მეფე ფრაატი უარი განეცხადებინათ პონტოს სამეფოს მოკავშირეობაზე და თავი რომის ვასალებად ეცნოთ. ასევე მითრიდატეს მოკავშირეებს გამოაკლდნენ კავკასიის ალბანელები და იბერები. მართალია ამ უკანასკნელთ `რომის მეგობრობა და მოკავშირეობა~ დაევალათ, რეალურად კი არტაგის ფუნქციები ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსასვლელი უღელტეხილების დაცვით განესაზღვრა.

ძვ.წ. 65 წელს პომპეუსი იბერიიდან კოლხეთში შეიჭრა. მან ბანაკი კავკასიონის ქედის პირას დასცა და უბრძანა კოლხთა მეფეს ორქოზს ბარში ჩამოსულიყო[2], როგორც ჩანს, დაამარცხა იგი, აიღო სურიუმი და მიადგა ქალაქ ფასისს, როემლიც სერვილიუსის სამხედრო ესკადრის მიერ ბლოკირებული იყო ზღვიდან[3]. პომპეუსმა კოლხეთი ვასალურ ქვეყნად აქცია, მმართველად დანიშნა ადგილობრივი მმართველი არისტარქე კოლხი[4], რომლის სახელით მოჭრილმა ვერცხლის მონეტებმა ჩვენამდე მოაღწია. მისი სახელი `ეპი კოლხიდოს~ ეთნარქოსის წოდებას უნდა შეესაბამებოდეს. მიუხედავად პომპეუსის ბრწყინვალე  გამარჯვებებისა, ამიერკავკასიაე დამყარებული პროტექტორატი ფორმალურ ხასიათს ატარებდა. როგორც ჩანს, არ წყდებოდა პარტიზანული ბრძოლები რომაელთა წინააღმდეგ კოლხეთშიაც, რის გამოც რომაელი სარდალი იძულებული იყო უარი ეთქვა კავკასიის სანაპირო ზოლით სვლაზე, რათა ბოსფორის სამეფოზე მიეტანა იერიში. აგრეთვე რომაელებმა (აქემენიდებისა და ალექსანდრეს მსგავსად) ვერ შეძლეს კავკასიონის გადალახვა და მათი დაპყრობებიც აქ დამთავრდა. დიდი კავკასიონის ქედი იქცა ერთგვარ წყალგამყოფად ბარბაროსულ და ცივილიზებულ სამყაროებს შორის.

შემდგომში რომაელები პოლემონ II-ის მეშვეობით ანხორცილებდნენ კონტროლს კოლხეთზე, ხოლო ახ.წ. 63 წლიდან იმპერატორ ნერონის გადაწყვეტილების თანახმად ე.წ. პოლემონის პონტო კოლხეთითურთ უშუალოდ რომის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. აქედან მოყოლებული ახ.წ. IV საუკუნის ჩათვლით რომაელი ლეგიონერები დაბანაკებულნი არიან საქართველოს ზღვისპირეთის ციხე-ქალაქებში: აფსაროსში (თანამედროვე გონიო), ფასისში (ფოთი), სებასტოპოლისში (სოხუმი) და პიტიუნტში (ბიჭვინთა), რაც წერილობით წყაროების გარდა არქეოლოგიური მასალებითაც დასტურდება. ასევე არქეოლოგიური მასალების მიხედვით დასტურდება, რომ თავდაპირველად რომაელები (I-II სს.) კოლხეთის ზღვისპირეთში დროებით ხის სამხედრო ბანაკებს აგებდნენ, ხოლო II საუკუნის მიწურულიდან და III საუკუნის დასაწყისიდან ხანგრძლივი დანიშნულების სტაციონალურ ციხე-სიმაგრეების, კასტელუმ-ფრურიონების მშენებლობას შეუდგნენ. მათ შორის საკომუნიკაციო კავშირები საზღვაო გზით ხორციელდებოდა, რომლის უსაფრთხოებას იცავდა ორმოცი დიდი საბრძოლო ხომალდი და 3000 პოპლიტი[5].

ანიკეტის ცნობილი აჯანყების შემდეგ, იმპერატორმა ვესპასიანემ ახ.წ. 75 წელს პანონიიდან კაპადოკიაში გადმოიყვანა ორი ლეგიონი: XII fulminata  და  XV Apolinaris, რომელთა შტაბ-ბინები კაპადოკიაში, მელიტენასა და სატალაში იმყოფებოდნენ. ამ ლეგიონების ვექსილიაციები, სატალის გარდა, რომაელებმა ჩააყენეს სომხეთში, შესაძლოა იბერიის დედაქალაქ მცხეთაში, ტრაპეზუნტში, პიტიუნტში, ფასისში, აფსაროსში და ხვ. რომაული სამხედრო ნაწილების ჩაყენება კოლხეთის სანაპირო ციხე-სიმაგრეებში რამოდენიმე მიზანს ისახავდა: პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობაში ანტირომაული განწყობილების ალაგმვას, რომის გავლენის გაძლიერებას კოლხეთის ცენტრალურ რაიონებში, კოლხეთის სანაპირო წყლებში უსაფრთხო კაბოტაჟური ნაოსნობის უზრუნველყოფას, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთზე გავლენის გაძლიერებასა და ვასალური ტერიტორიების დაცვას გაძლიერებული იბერიის სამეფოსაგან.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კოლხეთის ზღვისპირა ციხე-სიმაგრეებში რომაული სამხედრო ნაწილების დისლოკაციის საკითხის კვლევისას ახ.წ. II საუკუნის წერილობით წყაროს, არიანეს პერიპლუსს. ქალაქ ნიკომედიის მკვიდრი ფლავიუს არიანე (იმპერატორ ადრიანესა და ანტონინე პიუსის თანამედროვე), ახ.წ. 131-137 წლებში მართავდა კაპადოკიას. მისი ოფიციალური წოდება იყო Legatus  Augusti  pro  preatore. არიანემ 134 წელს განახორციელა საინსპექციო კრუიზი შავი ზღვის სანაპირო რომაული გარნიზონებისა და ნავსაყუდელების დათვალიერების მიზნით, ინსპექციის შედეგები კი წერილობით აახლა იმპერატორ ადრიანეს (Periplus  Ponti  Euxini). მიუხადავად იმისა, რომ ამ ნაშრომსა და არიანეს მიერ განვლილ მარშრუტს რამოდენიმე სამეცნიერო გამოკვლევა მიეძღვნა, ჩვენი აზრით აღნიშნული მარშრუტი სპციალურ შესწავლასა და დაზუსტებას მოითხოვს.

კოლხეთში დღეისათვის ცნობილი რომაული გარნიზონების დისლოკაციის უმსხვილეს პუნქტს აფსაროსის ციხე-სიმაგრე წარმოადგენს. პლინიუსის ცნობა `castelum  Absaros~[6]-ის შესახებ, იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ რომაელების სამხედრო ნაწილების აქ ყოფნა ძვ.წ. I სუკუნის მიწურულიდან, ხოლო არიანეს მოგზაურობის პერიოდისთვის აქ რომაული არმიის ყველაზე ძლიერი კონტინგენტი – 5 კოჰორტა იდგა[7]. მეცნიერთა მოსაზრებანი აღნიშნული გარნიზონის შემადგენლობის შესახებ არაერთგვაროვანია, მაგალითად, მითფორდი, როუელი, და სხვები თვლიან, რომ აფსაროსში დაბინავებული სამხედრო ნაწილები დაკომპლექტებულები იყვნენ ლეგიონერებით[8]. განსხვავებული აზრისაა მ. შპეიდელი, რომელიც  თვლის, რომ ხსენებული ჯარის ნაწილი დამხმარე კოჰორტებისაგან შედგებოდა. უფრო მეტიც, მან ფაიუმში აღმოჩენილი რომაული პაპირუსის ტექსტში ამოიკითხა აფსაროსში მდგარი კოჰორტებიდან ერთ-ერთის სახელწოდება: cohors  Claudia II (დამხმარე)[9]. გონიო-აფსაროსის გათხრებისას გასულ წელს, ციხის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა დამღიანი აგური, რომელზეც იკითხება COH  CL  II აქედან გამომდინარე შეიძლება დამაჯერებლად დავეთანხმოთ მ. შპეიდელს, რომ აფსაროსში განთავსებული ნაწილები დამხმარე კოჰორტები იყვნენ.

აფსაროსიდან ჩრდილოეთით 65 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა რომაული არმიის დისლოკაციის შემდეგი პუნქტი _ ქალაქი ფასისი, სადაც არიანეს სიტყვებით იდგა 400 რჩეული მეომარი, რომელთაც შეიარაღებაზე არტილერიაც ჰქონდათ[10]. ნიშანდობლივია, რომ XII ლეგიონის დამღიანი აგურის ფილის ფრაგმენტი ამასწინათ, არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოების დროს აღმოჩნდა ფაზისიდან 12 კილომეტრის დაშორებით, დასავლეთის მიმართულებით (სოფელ მოედანთან, მდინარე სუფსის მარჯვენა სანაპიროზე).

ასეთივე ქალაქი იყო დიოსკურია-სებასტოპოლისი, სადა რომაული გარნიზონები ჯერ კიდევ იმპერატორ ავგუსტეს დროს იდგნენ. მაშინვე აქ აშენდა სიმაგრე, რაზეც მისი სახელწოდება მიუთითებს, რომელიც მოხსენიებულია პლინიუსთან _ castellum  Sepastopolis[11]. გვიანდელი რომაული კასტელუმის ფართობი _ 2-2.5 ჰექტარს უდრის და III-IV სს. თარიღდება, სადაც იდგა გარნიზონი, რომელიც `კლავდიუსის პირველ ცხენოსან კოჰორტად~ იხსენიება[12].

ახ.წ. II საუკუნის მეორე ნახევრიდან რომაული სამხედრო ნაწილები (დაახლოებით ერთი კოჰორტა _ 600 ჯარისკაცი) XV ლეგიონიდან, დისლოცირებულნი იყვნენ პიტიუს-პიტიუნტში, რასაც მოწმობს 3 თიხის ფილის ფრაგმენტები დამღებით _ LEG,  GXV,  GXV  (LEG  XV  Appollinaris), რომლებიც ნაქალაქარის სხვადასხვა უბანზე აღმოჩნდა ახ.წ. II-III სს. კულტურულ ფენებში[13].

ბიჭვინთა-პიტიუნტის გარდა XV ლეგიონის დამღები ნაპოვნია პეტრა-ციხისძირში. ამასთანავე, ისინი XII `ელვისებური~ ლეგიონის ვექსილაციასთან ერთად აღმოჩნდა[14].

როგორც ჩანს, რომაული გარნიზონები თავის პოზიციებს კოლხეთის ციხე-ქალაქებში ახ.წ. IV საუკუნის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ. მათი კოლხეთიდან გასვლის ერთ-ერთი მიზეზი ბუნებრივია, თავად იმპერიის დასუსტება იყო, აგრეთვე ლაზთა სახელმწიფოს გაძლიერება, რის შესახებაც გარკვევით მოგვითხრობს (368 წლის ამბებს) ამიანე მარცელინი, რომელიც მკვეთრად გამოჰყოფს ლაზების ქვეყანას რომაული სამფლობელოებისაგან[15]. აღსანიშნავია აგრეთვე დრაპონიუსის სიტყვები `პანეპიტორიკში~ იმპერატორ თეოდოსის (399 წ.) მისამართით, სადაც კოლხეთზე ლაპარაკია, როგორც რომის ძალაუფლებისაგან დამოუკიდებელ ქვეყანაზე[16].

ახ.წ. V საუკუნის დასაწყისისათვის რომაელთა გარნიზონების კვალი კოლხეთში აღარც არქელოგიურ მასალებში დასტურდება.

____________________________________________________

1. iv. javaxiSvili, Txzulebani. t. I. Tb., 1979 w., gv. 44-46.

 С.  Сергеев.  Очерки  по  истории  древнего  Ри ма.  Часть  1,  М .,  1938 г.,  с.  167-175;

Dio  Cassius,  XXXVI,  42,  4;

Cis  Prfo  lege  Man  17-18,  29.

2. L. ANNUS FLORUS. BELLORUM  ROMANORUM  LIBRI  DUO.  XI., 28. Малые  Римские  имторики.  Античная  классикаю  М.,  1996 г.,  с. 147

3. Plut  B.  P.,  Pomp.,  XXXIV,  XXXIX.

4. Dio  Cassius.  Hist.  Romana,  XXXVII,  3.

5. Jos. Fl., Bel.  Jud.,   II,  367.

6. Plin., NH,  VI,  15.

7. Arr.,  PPE,  6 g. lorTqifaniZe _ biWvinTis naqalaqari. Tb., 1991, gv. 31.

8. T. B.  Mitford.  Coppadocia  and  Armenia  Minor. ANRW,  1975,  II, 2 7 Sp.  1169-1228;  N.  T.  Rowell.  Numerus.  Re,  1937,  XVII,  Sp.  1327-1342.

9. M. P. Speidel.  The  Roman  Army  in  Asia  Minor.  Recent  epigraphical  discoveries  and  research.  Roman  army  studies  I,  Amsterdam  1984,  p.  273-300.

10. Arr.,  PPE,  9.

11. Plin.,  NH,  VI,  15.

12. Not.,  dignit,  or  CCCVIII

13. Н. Ш.  Кигурадзе,  Г, А.  Лордкипанидзе,  Т. Т.  Тодуа.  Клейма  XV легиона  из  пицундского  городища. – ВДИ,  №2,  1987,  с.  88-92.

14. В. А.   Леквинадзе,  Римский  кирпич  со  штампом  из  Цихисдзири.  САНГ,  1967,  XV 3,  с.  797.

15. Amm.  Marc,  XXVII, 12, 11. 

16. Drep.,  Paneg.,  XIV.

Advertisements

1 Response to “ალექსანდრე ნონეშვილი: რომაულ-კოლხური ურთიერთობანი ახ.წ. I-IV სს.”


  1. 1 გიორგი
    დეკემბერი 15, 2010, 7:52 AM

    ძალიან კარგი სტატიაა. ცოტა მეტი რომ იყოს უკეთესი იქნებოდა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s


%d bloggers like this: